05 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე და პოლიტიკოსების გამოხმაურებები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მის ირგვლივ საზოგადოებას კითხვები არ უდა დარჩეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პარლამენტი კარგი პლატფორმაა, კითხვებზე პასუხების გასაცემად.

„იმ საკითხებზე, სადაც საზოგადოების ინტერესი მაღალია და ეს საქმე ჩემთვისაც ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, საგანგაშოც კი არის. ეს საქმე არის საქმე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და რომელზეც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. პარლამენტი არის კარგი პლატფორმა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის, რომ კითხვებს პასუხები გასცეს. იმედი მაქვს, რომ ამ პლატფორმას სწორად ად კარგად გამოვიყენებთ,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში აქცენტს ქვეყნის არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე აკეთებენ.

„მინისტრის გადადგომა ან გადაყენება იქნებოდა ერთგვარი დათმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, როდესაც ასეთი სკანდალური რამ ხდება ქვეყნის დედაქალაქში, თუმცა ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა არც პასუხი და არც იმ პრობლემის გადაჭრა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური, მაფიოზური მმართველობა, როდესაც ის მართავს სახელმწიფოს თავისი ხელქვეითების საშუალებით, როგორიც არის უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე და ა.შ.“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ევროპული საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

„ყველა პირი, ვინც ირიბად და პირდაპირ იყო ჩართული ამ ქმედებაში, უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება რესპუბლიკურ პარტიაშიც გაკეთდა. დავით ზურაბიშვილმა 2010 წელს ტაჯიკი ოპოზიციონერის მოსკოვიდან გაუჩინარების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიხსენა.

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2010 წელს ტაჯიკი ოპოზიციონერი ასე გაქრა მოსკოვიდან და აღმოჩნდა ტაჯიკეთში, სადაც მას 25 წელი მიუსაჯეს. ეს როდესაც გასაჩივრდა, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ერთადერთი, რაზეც აღშფოთებულია ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი აღშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციაზე, რატომ ვლაპარაკობთ, რატომ ვიტეხთ სახელს, ამას გვსაყვედურობენ. ყოველი ასეთი რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ დიახაც, ჩარეულები არიან,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები