12 ოქტომბერი 2024,   15:51
ვრცლად
სკანდალი - თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის შემცირების მოთხოვნით ბრიუსელს მიმართა

კურიერის ინფორმაციით, მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, საქართველოს თავდაცვის უწყებამ ბრიუსელს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ქართული ასეულის შემცირებას ოცეულის დონეზე უშუალოდ ლევან იზორიას მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ნიკოლოზ ჯანჯღავა, ითხოვდნენ.

დღეს არცერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ დედაქალაქში არ იმყოფებიან, არ ისურვა.

უშიშროების საბჭოში ავღანეთში კონტიგენტის შემცირებასთან დაკავშირებით  საქართველოს თავდაცვის უწყების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

დავით რაქვიაშვილი განმარტავს, რომ თავდაცვის უწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა, რომელიც ამ ეტაპზე აღმოფხვრილია. უშიშროების საბჭოს მდივანმა არც ის ინფორმაცია უარყო, რომ გერმანიამ საქართველოს მოთხოვნა გააპროტესტა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ კურიერს ინფორმაცია ბაზა მაზარი შარიფზე კონტიგენტის შესაძლო შემცირებაზე თავდაცვის უწყებამაც დაუდასტურა. სამინისტროში ამბობენ, რომ კონტიგენტის შემცირების საკითხი არა ახლა, არამედ შესაძლოა, 2019 წლისთვის დადგეს.

ინფორმაცია მაზარი შარიფში კონტიგენტის შესაძლო შემცირებაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისთვის, უილიამ ლაჰიუსთვის.

ამ ეტაპზე ბაზა მაზარი შარიფზე ქართველი სამხედროები მსოფლიო უსაფრთხოებას ჩვეულ რეჟიმში იცავენ. 

დღის ამბები