05 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ბიუროს სხდომაზე განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა გააკეთა.

ოპოზიცია კი განმარტავს, რომ ამ საკითხის გამოძიება სწორედ საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოხდეს, ვინაიდან საგამოძიებო უწყებები შესაძლოა დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ.

„ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც თეორიულად შეუძლია გამოიძიოს ეს საქმე არის ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტი, რადგან რეალურად მთავრობა არის ბრალდებული იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც იყო ევროპარლამენტში, ეს გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია, მაღალი ალბათობით სამართალდამცავებს ჩაედინათ ეს საქმე,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მიერ შეტანილ განცხადების სათაურსა და შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრი, ზვიად ძიძიგური, ოპოზიციური პარტიის მიერ შეტანილ განცხადებას იწუნებს.

„საქართველოს პარლამენტს, რომც შეიქმნას კომისია, ბევრი სამუშაო არ ექნება, იმიტომ, რომ თავდასხმა, გატაცება, თავისუფლების აღკვეთა და სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი უკვე თქვენ დადასტურებული გაქვთ, როგორც მე ვხედავ ამ სათაურის მიხედვით,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

დღის ამბები