05 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
ზეწოლით მიღებული აღიარებითი ჩვენება, უსამართლო სასამართლო - "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე მსჯავრდებულის ოჯახს პრეტენზიები აქვს

ჭავჭავაძის გამზირზე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაზე მსჯავრდებულის, დიმიტრი გოლავას, ოჯახს პრეტენზიები აქვს. ისინი ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე, დაკავებისას დარღვეულ უფლებებზე, გამოძიების მიერ ზეწოლით მიღებულ აღიარებასა და უსამართლო სასამართლოზე საუბრობენ.

დიმიტრი გოლავას ადვოკატი ამბობს, რომ 26 წლის ახალგაზრდას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ისე შეუფარდეს, რომ არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ბანკიდან დიდი ოდენობით ფული მან გაიტაცა.

დიმიტრი გოლავა თბილისის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 2016 წლის 25 ივნისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ოფიციალური დოკუმენტებით, გოლავამ ამ დრომდე დაუდგენელ პირთან ერთად "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღა. შსს-მ ოპერატიული მასალაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ბრალდებულს თან ბანკიდან წაღებული თანხა ჰქონდა. გოლავას ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით თანხა ამოუღეს, თუმცა კუპიურებზე მისი თითის ანაბეჭდი ან დნმ არ ფიქსირდება.

გოლავა სპეცოპერაციის შედეგად ყიფშიძის ქუჩაზე დააკავეს. საქმის მასალებით ამ სპეცოპერაციაში ორი პოლციელი მონაწილებდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე დღემდე ახსოვთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის დასაკავებლად, მინიმუმ 10 პოლიციელი იყო მობილიზებული. ადგილობრივები იხსენებენ, რომ სამართალდამცავებმა დაკავებული სცემეს კიდეც. 

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გოლავას მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება და საქმე შეწყვეტილი არ არის. 

 

დღის ამბები