25 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისთვის გაგზავნილი დახმარების თხოვნა დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობისთვის რუსეთისთვის დახმარების მიმართვას ეხმიანება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბორჯომის ხეობაში შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარების გამო, ქართულმა მხარემ სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერის სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სწორედ რუსული ტექნიკის მობილიზების მიზნით.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. მიმართვა მოხდა, როგორც გაეროს, ასევე ევროკავშირის, ნატოს და პარტნიორებისადმი. ასევე, მოხდა მოძიება ყველა ტექნიკის, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდიდა შესაბამის მოცემულობაში შესაბამის ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი პრემიერის სპეცწარმომადგენელსა აბაშიძესა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისე, იგივე ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა, მოგვიანებით ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.

"საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა პრემიერის სპეცწარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეოს პრესსპიკერის მიერ,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები