05 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ გახდა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებები იყო პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ოპოზიცია ხელისუფლებას ერთპარტიული დოკუმენტის დამტკიცების მცდელობის გამო აკრიტიკებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციების ინიციატორი ხელისუფლება იყო, რომელიც ოპოზიციის ულტიმატუმების გამო ჩაიშალა.

„ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც არ შეიძლება ლაპარაკი, გნებავთ, საარჩევნო საკითხებზე,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მმართველ გუნდს არალეგიტიმური კონსტიტუციის მიღების მცდელობის გამო აკრიტიკებს.

„ჩვენ არ შევწყვეტთ ამ კონსტიტუციის ირგვლივ ბრძოლას და გამოვიყენებთ ნებისმიერ კანონიერ ხერხებს, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, ვინაიდან, არ შეიძლება, საერთო თამაშის წესები იყოს განსაზღვრული ერთი პარტიის მიერ, რომელსაც ყველა სხვა ეწინააღმდეგება. საბოლოო არბიტრი ამ ყველაფრის იქნება ქართული საზოგადოება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები