05 მაისი 2024,   00:19
ვრცლად
ოპოზიცია პრეზიდენტთან იყო დესტრუქციულ პოზაში - ჩუგოშვილი მმართველი გუნდის კიდევ ერთ დათმობაზე საუბრობს

„ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია იყო დესტრუქციული,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკები ერთჯერადი გამონაკლისის სახით დარჩება, 2024 წლიდან კი პროპორციული საარჩევნო სისტემა ე.წ. ბონუსის გარეშე ამოქმედდება და მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ყველა პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს.

თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა.

„გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა კონსტიტუციის ცვლილებებში,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.  

ჩუგოშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი უმნიშვნელოვანესია.

„ოპოზიცია მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტთან იყო დესტრუქციულ პოზაში და გააგრძელებენ ამ პოზაში დგომას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი,“- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტი დესტრუქციულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუცი იყო ერთადერთი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდა.

„პრეზიდენტი იყო ბოიკოტის რეჟიმში იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც გაჟღერდა საერთოდ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, მაშინ, როცა ჯერ არ არსებობდა კომისია. იგი ბოიკოტს უცხადებს ამ პროცესს და ის იყო ერთადერთი ინსტიტუტი და ერთადერთი პირი, რომელიც არ მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიაში და დესტრუქციულობის გარდა, მე ამას ვერაფერს ვერ ვუწოდებ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები