05 მაისი 2024,   07:15
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი დევნილების მდგომარეობას გაეცნო

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქში მცხოვრები დევნილების მდგომარეობას გაეცნო. ზალიკო უდუმაშვილი დღეს აეროპორტის დასახლებაში, ზემო ალექსევკასა და გლდანში იმყოფებოდა.

კომპაქტურად დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად სანიტარიული და საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ.

ზაალ უდუმაშვილმა აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს განუმარტა, რომ მისი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში რეგისტრირებულ დევნილებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იზრუნებს.

ზემო ალექსეევკას ყოფილ ავტოფარეხში 10 ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ფართების დაკანონებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

გლდანში ყოფილი 35 საბავშვო ბაღის შენობაში ჩასახლებულ 25 ოჯახს დაუკანონებელი ფართები და მოხსნილი სოციალური დახმარებები აქვთ. ზაალ უდუმაშვილი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაჰპირდა, რომ მის პროგრამაში ყველა იმ პრობლემაზე იქნება საუბარი, რაც თბილისში ჩასახლებულ დევნილებს აწუხებთ.

რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი დევნილებს, სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინიციატივებს გააცნობს.

დღის ამბები