27 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
ხახუბიას საქმეზე "რუსთავი 2"-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისგან საქმის პროკურორი ამ ეტაპზე თავს იკავებს

ბექა ხახუბიას საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისგან საქმის პროკურორი ამ ეტაპზე თავს იკავებს. საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წუთებია გადაღებული.  კადრები საჯარო ბრალდებული პოლიციელების ადვოკატებმა გახადეს. დაცვა ამტკიცებს, რომ რამდენიმეტომიანი საქმის ვიდეომასალებით პატრულ-ინსპექტორების უდანაშაულობა მტკიცდება. ადვოკატების ინფორმაციით ამ მასალებში კარგად ჩანს, რომ გორის გვირაბთან სავალი გზის სატვირთო მანქანით ჩაკეტვამდე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა დაუმორჩილებელი მძღოლის შესაჩერებლად კანონით გაწერილი ყველა მექანიზმი გამოიყენეს.

ბრალდებულთა ადვოკატების მსგავსად ეს კადრები მტკიცებულებაა დაზარალებულებისთვისაც, თუმცა საპირისპირო მნიშვნელობით. ამ მასალების გაცნობის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ პატრულ-ინსპექტორებმა იცოდნენ ვისზე ახორციელებდნენ დევნას და ამასთან, პატრულის თანამშრომლების უკანონო ქმედება საქმეზე უკვე დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს.

ბრალდების მხარის მოწმეები დღევანდელ სხდომაზეც დაკითხეს. სასამართლომ დღეს ავარიის ერთ-ერთ თვითმხილველ მძღოლსა და იმ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს მოუსმინა ვინც ბექა ხახუბიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა. თვითმხილველმა მძღოლმა წინა მოწმეების მსგავსად გაიმეორა, რომ სატვირთო მანქანით გზა მთლიანად ჩაკეტილი იყო, რაც გვერდის ავლას შეუძლებელს ხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბია გორის გვირაბთან ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, რა დროსაც მისი გაჩერება საპატრულო პოლიციამ სცადა. ის მითითებას არ დაემორჩილა. საპატრულო პოლიციამ განახორციელა დევნის ოპერაცია. გორის გვირაბის გასასვლელთან კი ტრაილერით გზა გადაკეტა. სწორედ ამ ტრაილერს დაეჯახა ბექა ხახუბია. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

დღის ამბები