საგუშაგოზე მოკლული 19 წლის ბექა რუსიას საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახი ამტკიცებს, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსია არასწორია და ახალგაზრდა მეთაურის იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიღუპა. 19 წლის ბექა რუსიას დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილის ნამდვილ მკვლელს პროკურატურა მფარველობს.
წვევამდელი ბექა რუსია 2 თვის წინ აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ბექა რუსიას ოჯახი მისი მკვლელობის სხვა ვერსიაზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ წვევამდელის მკვლელობა საგუშაგოზე მომხდარ დარღვევებს უკავშირდებოდეს. კითხვები გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს დაკავებულის დაკითხვასთან დაკავშირებითაც აქვს.
დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და ადასტურებს, რომ შემთხვევითი გასროლა ხელმძღვანელის იარაღიდან განახორციელა.
ავტორი: ემა გოგოხია.