27 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
კლუბ „ბასიანის“ ხმაურიანი საქმის ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პოლიციის მაღალჩინოსნის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსისა და წევრის დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს მეორე ინსტანცია განიხილავდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სპარტაკ პავლიაშვილმა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება განმარტა და აღნიშნა, რომ ქვლივიძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. 

ბრალდებულმა სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ ინციდენტის დროს ის თავს იცავდა. მისი აზრით, შემთხვევის მომენტში კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

თამაზ ქვლივიძის ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

„მოსამართლეზე მოხდა ზეწოლა და მან ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. ეს იყო საზოგადოებრივი ზეწოლა და იმ თანამშრომლების, კლუბ „ბასიანის“ მფლობელების, რომლებიც ყოვლად უსირცხვილო, დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებენ,“- განაცხადა ზაზა მესხმა.

„ბასიანის“ მფლობელები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. კლუბის მფლობელებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასეს და მოსამართლე ბადრი შონიას მიერ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრებისთვის შეფარდებული პატიმრობაც გაიხსენეს.

„ჩვენ, როგორც „ბასიანს“ არ გვიხარია არავის ციხეში ჩასმა, თუმცა პრინციპული საკითხი იყო, რამდენად იქნებოდა მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად იქნებოდა იგი სელექციური, მაშინ, როდესაც მიკროგრამებზე „ბირჟა მაფიის“ საკითხზე იგივე მოსამართლემ ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვა, რატომ დაუშვა ამ შემთხვევაში გამონაკლისი და რატომ იყო სელექციური, კითხვებს ბადებს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელმა, ზვიად გელბახიანმა.

კლუბის მფლობელებმა უშუალოდ დაჭრის ფაქტიც გაიხსენეს.

„აგრესიით გამოირჩეოდა, აგინებდა ყველას. სამი დაცვის წევრი, ერთ-ერთს ხელზე აქვს ნაკბენი და მეოთხე არის პოლიციელი, რომელსაც დანა აქვს დასმული,“ - აღნიშნა გელბახიანმა.  

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები ამბობენ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიაზე, რომელმაც ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, პოლიტიკური ზეწოლა იგრძნობოდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები