27 აპრილი 2024,   06:33
ვრცლად
"რა უნდა მეთქვა, მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი,"-არჩილ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრზე საუბრობს

როდის მოხდება ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება - ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. გიორგი გახარია დღის ბოლოს სოფელ წილკანში იმყოფებოდა. მინისტრმა ტატუნაშვილების ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ცხედარი რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა და ტრაგედია ერთი კონკრეტული ოჯახის და  მთელი ქვეყნის, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ტატუნაშვილების ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული ვადა გადაწია - მოკლული სამხედროს ახლობლები მანამდე აცხადებდნენ, რომ თუ ოთხშაბათსაც ვერ მოხერხდებოდა ცხედრის გადმოსვენება, ისინი კვლავ გზას გადაკეტავდნენ.

"რა უნდა მეთქვა, მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი. ეს კაცი მოდის, ყოველდღე ამოდის და გვაწვდის ინფორმაციას, მერე შევხედავთ, ხვალ არაფერს არ ვგეგმავთ,"-განაცხადა გვიან ღამე არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

დღის ამბები