07 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
გავეკიდე, დავეწიე და მანქანიდან ამოტანილი დიდი დანით მივაყენე ჭრილობები - ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის პირველი ჩვენება -ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერს თუ რა მოხდა 13 აპრილს მისი მეუღლის შვილის სახლში. ვეფხია ბაქრაძე ამტკიცებს, რომ მკვლელობას ბავშვები არ შესწრებიან, შესაბამისად ის  დამამძიმებელ გარემოში არ ჩაუდენია. ბრალდებული მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

"მე სრულად ვაღიარებ თამარ გამრეკელაშვილის, ჩემი ცოლის შვილის მკვლელობას. აღნიშნულ ფაქტს ბავშვები არ შესწრებიან და აქვე დავამატებ, არ მქონდა განზრახვა მკვლელობა ჩამედინა ბავშვების თვალწინ და ამით ტანჯვა მიმეყენებინა და ბავშვები ყოფილიყვნენ ამის თვითმხილველები,”-ამბობს ვეფხია ბაქრაძე.

ბრალდებული ყვება, რომ მისი ცოლთან ურთიერთობას გერი უკრძალავდა რის გამოც თამარ გამრეკელაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მკვლელობის დღესაც ის გერთან, ნაქირავებ სახლში საქმის გასარჩევად მივიდა. ის ჰყვება იმასაც, რომ გერი სახლში არ დახვდა და ამ პერიოდში მან მაცივრიდან საკვები და არაყი გამოიღო  და თამარ გამრეკელაშვილის მოსვლამდე რამდენიმე ჭიქა დალია. ვიდრე იცდიდა შურისძიების მიზნით მეუღლის ნათელა გობაძის ტანსაცმელი დაჭრა და დაწვას სცადა.

ვეფხია ბაქრაძე ყვება, რომ სახლში დაბრუნებულ გერს მისი დანახვა არ ესიამოვნა და ყვირილი დაიწყო, 24 წლის გოგონა დახმარებას მეზობლებს სთხოვდა. სწორედ ამ დროს ჩაარტყა დანა რამდენიმეჯერ მამინაცვალმა ორი შვილის დედას.

ბრალდებული ყვება:

"ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს ჩემს მიერ მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ. სწორედ ამ დროს გავიგე კარებზე ბრახუნი და მეზობელი ქალბატონების ხმა პოლიცია მოდისო."


 

დღის ამბები