27 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
წუხელ დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტების ფაქტებს შეიცავდა.   

„ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. მე მგონი, არავინ ამ ქვეყანაში მსგავს რაღაც ქმედებას სახელმწიფოს, კონკრეტულად პოლიციის მხრიდან, არ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნესსექტორზე, გარდა იმისა, რომ პოლიცია ცდილობს, ის ქმედებები, რაც მათ ღამე ჩაიდინეს, "გააპრაონ" იმით, რომ ნარკორეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ გუშინდელი ქმედებით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პოზიცია ღიად დააფიქსირა. 

გირჩის ლიდერი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება.                

„გუშინ ძალიან გასაგებად სახელმწიფომ და ამ ხელისუფლებამ გაგვცა ყველას პასუხი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლებოდა, გვითხრეს, არა უბრალოდ "არა", გვითხრეს, რომ პირიქით, უფრო ველურები და უფრო თავხედურები ვიქნებით, ვიდრე აქამდე ოდესმე ვყოფილვართ და ეს გვანახეს გუშინ ღამე,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ძველი პარლამენტის შენობასთან სამ საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გუშინ ღამით დააკავეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები