09 მაისი 2024,   21:16
ვრცლად
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, ღონისძიებაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ნაწილი კი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დღის ამბები