08 მაისი 2024,   20:08
ვრცლად
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინტერესების მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ინდივიდუალურთან ერთად, სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც იგზავნება.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და ის უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის გაგზავნას მიზანმიმართულად აჭიანურებს. 

"არსებითია, რომ სახელმწიფომ უჩივლოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გამოხმაურებაც და წონაც მეტი ექნება სარჩელს, ვიდრე, თუ მხოლოდ ოჯახი უჩივლებს. მაგრამ სახელმწიფომ რომ სახელმწიფოს უჩივლოს, ეს უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამას, ეჭვი მაქვს, შეგნებულად წელავს," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის, განცხადებით, ნათელია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო უპასუხისმგებლობას იჩენს.  

"სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობა უნდა შევაფასოთ, როგორც სახელმწიფო ინტერესების საზიანო საქმე," - აცხადებს სერგო რატიანი.

პარალელურად, ოპოზიციის კრიტიკას პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით პასუხობენ უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი სარჩელის მაქსიმალურად მაღალ დონეზე მომზადება იყო.

"სტრასბურგის სასამართლოში რაც უფრო მომზადებულები წავალთ და რაც უფრო მყარი არგუმენტაცია გვექნება უკეთესია. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ის, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყოველგვარი კონვენციით გარანტირებული უფლება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე.

თბილისში იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით არის მოკლული.

 

დღის ამბები