26 აპრილი 2024,   11:28
ვრცლად
ბოდიში "რუსთავი 2”-ს ჩინელ კონტრაქტორებთან მომხდარი ინციდენტის გამო - საქართველოს რკინიგზამ მშენებარე გვირაბების მოსანახულებლად მედიატური მოაწყო

საქართველოს რკინიგზის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო. ჟურნალისტების ტური თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ქვიშხეთი-ზვარესა და საუღელტეხილო მონაკვეთზე მშენებარე გვირაბების მონახულების მიზნით გაიმართა.

მედია-ტური გუშინ ”რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფსა და ჩინელ კონტრაქტორებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიგეგმა.

კომენტარის დროს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივ მოქმედი ფილიალის დირექტორმა ბოდიში მოიხადა და „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ენობრივ ბარიერს დააბრალა.

”პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვიხადო გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით.ეს იყო გაურკვევლობა სტუმრებსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის, ასევე კომუნიკაციის პრობლემა. მომავალში ვთხოვთ ჩვენს ჩინელ თანამშრომლებს გააუმჯობესონ კომუნიკაცია, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს. რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების დაკავებას, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ ინტერესებს დაიცავს კომპანიის ადვოკატი. იმ შემთხვევაში თუ მათ დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა და გამოძიებამ დაადგინა მათი ბრალეულობა, ჩვენ ამას დავეთანხმებით. იმედი გვაქვს გამოძიება სამართლიანად ჩატარდება,”-განაცხადა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის დირექტორმა იუბინ იანგი.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა ”საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. გიორგი ზაზაშვილის განცხადებით, როდესაც ასეთი ძალადობა და გაუგებრობა ხდება მიუღებელია.

„ერთადერთი, რაც იმედისმომცემია, არის რომ გამოძიება მიმდინარეობს და სიმართლე გაირკვევა და შესაბამისი ჩართულობაც ვნახეთ.

არის უსაფრთხოების სტანდარტი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს,  მოთხოვნა უსაფრთხობაზე და რაღაცეები არასწორად იქნა გაგებული.

საქართველოს რკინიგზისთვის ეს პროექტი არის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი. არაერთხელ ვიდექით იმის ზღვარზე, რომ ეს პროექტი გაჩერებულიყო, უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიდექით იმის სადარაჯოზე, რომ ეს პროექტი რამენაირა დგადაგვერჩინა“-ამბობს გიორგი ზაზაშვილი.

დღის ამბები