14 ნოემბერი 2018,   22:42
ვრცლად
"კანონიც დაარღვია და ადამიანობის ზღვარსაც გადავიდა" - ელისაშვილი პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე

„კანონიც დაარღვია და ადამიანობის ზღვარსაც გადავიდა,“ - ეს განცხადება პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.  

ელისაშვილის თქმით, სამართალდამცავების ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო, როდესაც მათ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცეს.

„კანონიც დაარღვიეს, კონსტიტუციაც დაარღვიეს, მაგრამ ამაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი ადამიანობაა, ადამიანის ღირსება და თან მოდით, გავიხსენოთ, რომ კარვების გაშლა არ შეიძლებაო, მართლა საკნებით იყო გადაკეტილი 2-3 თვე რუსთაველის გამზირზე და წინა ხელისუფლებას მოუწია ამის მოთმენა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი თბილისის მერის განცხადებასაც აკრიტიკებს, რომელმაც შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რადგან იქ ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები უნდა მოეწყოს.

„რა საახალწლო ღონისძიებებზე ლაპარაკობენ, აქ გამწარებული ადამიანია ქუჩაში, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა და, რომელსაც ასე არაადამიანურად ეპყრობიან,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს.

არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები