08 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
"იმედი მაქვს რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს," - ბექა ნაცვლიშვილი პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

დღეს გადაწყდება დატოვებს თუ არა ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას. ეს სესიაზე გაირკვევა. დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. მისი უმრავლესობაში დარჩენა კი კანონპროექტის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ჩავარდა, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალისტების" წევრი დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძობს საქმიანობას. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, მისი კანონპროექტით დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები პროპორციულად გაზრდილ პენსიას მიიღებდნენ.

"რთულია შედეგებზე ლაპარაკი, რა შედეგით დამთავრდება, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საპენსიო სისტემას, მართლაც საპენსიო რეფორმის რელსებზე დააყენებს. თუკი მხარდაჭერა არ ექნება, როგორც 4-5 თვის წინ უკვე განვაცხადე და რამოდენიმეჯერ უკვე ამ დღეებში, უმრავლესობას ვტოვებ მე, ვტოვებ პარტიასაც და ვტოვებ ფრაქციასაც და შესაბამისად ვაპირებ დამოუკიდებლად გავაგრძელო პოლიტიკური ცხოვრება,"-აცხცადებს ბექა ნაცვლიშვილი. 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარტიისა თუ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებას, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად იღებს. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას, მისი გასვლის მოლოდინი მმართველ გუნდს არ აქვს.

"იმის გათვალისწინებით რომ კომიტეტების უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი დღეს განხორციელებას ამ ინიციატივის, მოსალოდნელია ალბათ რომ ეს ინიციატივა არ გავა,"- აცხადებს აკაკი ზოიძე. 

პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ბექა ნაცვლიშვილის პროექტი მემარცხენე იდეებითაა გაჯერებული.

"მისასალმებელია მისი ეს პრინციპული და ზნეობრივი ნაბიჯი, თუმცა მის მიერ შემოთავაზებულ იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი ეყრება, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს რადგან ძალიან მემარცხენე იდეებით არის გაჯერებული,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

"ევროპულ საქართველოში" კი ნაცვლიშვილის ინიციატივის დაყენებას "ქართული ოცნების" მიერ იმის აღიარებას უკავშირებს, რომ მოქმედი დაგროვებითი კანონი არაეფექტურია.

"ქართული ოცნების" მარქსისტული ნაწილის ინიციატივაც გამოვლინებაა იმისა, რომ ქართული ოცნების შიგნითვე აღიარებენ, რომ ის რაც დააკანონეს დღეს - დაგროვებითი სქემა არის ხარვეზიანი და ნაკლოვანი შინაარსობრივად და ის ვერ უზრუნველჰყოფს ღირსეულ სიბერეს,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები