08 მაისი 2024,   21:55
ვრცლად
ბიზნესპარტნიორთან დავის გადაწყვეტა "კანონიერი ქურდების" მეშვეობით - დაკავებულია სამი პირი 

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 მარტს, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის, მეტსახელად „გლეხოვიჩის“, წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა.

ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები