30 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
სავარაუდო კიბერთავდასხმა ონლაინგამოცემებზე - "Presa.ge"-ს რედაქტორის თქმით, ვებგვერდები კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო დაბლოკეს

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალება, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. 

15 საათის განმავლობაში გათიშული იყო ვებგვერდები “Presa.ge”, “Droni.ge” და ინტერნეტ ტელევიზია “itv.ge”. აღნიშნული ონლაინგამოცემები კრიტიკულ ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებს.

ერთ-ერთი ბოლო მასალა, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც მედია ჯგუფზე სავარაუდოდ კიბერთავდასხმა განხორციელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების მიერ ერთ მილიონზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების, ბინების, სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენას ეხებოდა.

„ჩვენ, ასე ვთქვათ, ვმუშაობთ ისეთ თემებზე, რომლებიც ხელისუფლებისათვის ძალიან ნეგატივის მომტანია. ეს არის კორუფციული სკანდალი, ეს არის ივანიშვილის კორუმპირებული კლანის მიერი ქონების მიტაცების ფაქტები, ფალსიფიცირებული ბიზნესი, მაგალითად, სპირტის ბიზნესი და ა. შ. ამიტომ ვვარაუდობთ ამ ყველაფერს . ამ წუთებში სპეციალისტები ზუსტად ამაზე მუშაობენ, რატომ გაითიშა ჩვენი საიტები და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ სათანადო მტკიცებულების მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად ამას გავახმოვანებთ კიდეც და მივმართავთ კიდეც სამართალდამცავ სტრუქტურებს. თუმცა, დიდი იმედი არ გვაქვს გამომდინარე მაგალითად, თიბისი ბანკის მიმართ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმისაგან, სადაც იდენტიფიცირებული იყო ტროლები, ინტერნეტ ბოტები, სახელები, გვარები და მისამართებიც კი რაც „შაბათის კურიერში“ გახმოვანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიება ამ კუთხით წინ არ წავიდა,“- ამბობს ”პრესა.ჯი”-ს მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები