30 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
"ზუგდიდის მერობის კანდიდატს იცნობს თავის კრედიტოფიცერი იმიტომ, რომ ნახევარ მილიონამდე ვალი აქვს" - ხაბეიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ფარისეველი და თაღლითი,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ხაბეიშვილი განმარტავს, თუ რატომ თვლის, რომ ივანიშვილი ფარისეველია. მისი თქმით, ივანიშვილი გირგვლიანის, რაფალიანცის თემით სპეკულირებდა, თუმცა, რეალურად არაფერი არ გაუკეთებია.

„7 წლის თავზე გაახსენდა ზვიად გამსახურდია. თქვენ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი ზვიადთან და 9 აპრილთან დაკავშირებით ყოფილიყო ასეთი აქტიური?“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზუგდიდში მოახლოებული არჩევნების გამო გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილი. ოპოზივონერი დეპუტატის თქმით, უმრავლესობის ლიდერმა ვერ გაიხსენა, თუ ვინ იყო მათ მიერ დასახელებული ზუგდიდის მერობის კანდიდატი. 

„ტელეფონი აიღეს, ჩახედა მესიჯ ბოქსში რა იყო და თქვა, რომ ეს არის ფანტასტიკური კაცი, ზუგდიდში დაბადებულია, ეს ზუგდიდს გაუძღვება ფანტასტიკურად და ისეთი კაცია და ბოლოს ეკითხებიან სახელი და გვარიო და არ ვიციო. ნონსენსია! მერობის კანდიდატი ვინც არის, გავაცნობ უმრავლესობას იმიტომ, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის, იცნობს თავის კრედიტოფიცერი იმიტომ, რომ ნახევარ მილიონამდე ვალი აქვს და ალბათ, ახლა მოდის მერად, რომ ისევე, როგორც წინა მერი იყო კორუმპირებული, მოიპაროს აქედან ფული და შეივსოს ზუგდიდელების ფულით,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ზუგდიდში ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია არის, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი. 

დღის ამბები