26 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
იუსტიციის საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევის მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობისთვის გაუგებარია 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის გაუგებარია. 

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, არამოსამართლე წევრების მხრიდან საქმის არაჯეროვანი შესრულება არ ფიქსირდება და მათი შეფასებით, ევროპული საქართველოს  მოთხოვნა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია.

„არ არსებობს პრეცედენტი, თუ როგორ შეიძლება, მივიჩნიოთ არაჯეროვნად შესრულება კონკრეტული კანდიდატისთვის ან კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა. შესაბამისად, სამართლებრივად არგუმენტაციისგან ეს დაცლილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაგვეწერა ეს დადგენილების პროექტი განსახილველად და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა გამოიწვიოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრი.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტიდან საპარლამენტო უმრავლესობა ერთი პუნქტს არ შეასრულებს, რადგან ის პოლიტიკური რეკომენდაციაა.

საქმე ეხება ვენეციის კომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს 18 მუდმივმოქმედი მოსამართლიდან ნაწილის არჩევა 2020 წლის შემდეგ მომხდარიყო. კობახიძის განცხადებით, კომისიის აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ გაიმართება.

ვენეციის კომისია თვითონ იყო ღია კენჭისყრის წინააღმდეგი და იგივე არგუმენტები ჰქონდა, რაც გვაქვს ჩვენ დღეს და ასევე, გასაჩივრებასთან დაკავშირებითაც გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. ეს არის ერთადერთი პრინციპული რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ, თუმცა, ყველა შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი ის, რომ პროცედურის შესაბამისად, ძალიან ღია, გამჭვირვალე წესით იქნება საბოლოო ჯამში შერჩეული თითოეული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე და ასეთი სახით მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. ეს არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები