08 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე - ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ვერ აკავებენ პირს, რომელიც სუს-მა ტერაქტის მომზადებაში ამხილა

ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ აკავებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, მაშინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ის ტერაქტს გეგმავდა. 

მმართველი გუნდი კი  საგამოძიებო უწყებებს სრულ ნდობას უცხადებს. მათი თქმით, საჭიროა გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.

“ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ სუს-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათი აბსოლუტური ნდობა მაქვს. სუს-ი სწორად მოიქცა, როცა ეს ინფორმაცია გააჟღერა. იმიტომ რომ ამას პრევენციული ხასიათი ჰქონდა,  ნებისმიერი ადამიანის, მით უმეტეს ყოფილი სუს-ის თანამშრომლის სიცოცხლე ასეთი ინფორმაციის შემთხვევაში პოტენციურად საფრთხის ქვეშ იყო,“-ამბობს თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, გამოძიების პრეროგატივაა დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი.  არსებულ კითხვებზე პასუხებს დროულად ითხოვს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე კი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის პიროვნების დისკრედიტაცია მოახდინოს.

„ნათელია ხელისუფლების დაინტერესება რამენაირად თავი აარიდოს პასუხისმგებლობას უდანაშაულო ბავშვის საკუთარ ლოგინში მკვლელობას და ათას ხრიკს მიმართავენ, რომ ვახა მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ, შეაფერხონ გამოძიება და დაბლოკონ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა,“-ამბობს ბარამიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის თქმით, თუ დანაშაულის მომზადებას რეალურად ადგილი არ ჰქონია და სუს-ს მტკიცებულებები არ გააჩნია, მაშინ გაუგებარია რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერები. 

„მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არსებობს, რომ ადამიანი მართლაც გეგმავდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და აფეთქება მაშინ მათი ვალდებულებაა იმოქმედონ, თუ დანაშაულის მომზადებას რეალურად ადგილი არ ჰქონია, მაშინ რატომ ავრცელებენ ამ ჩანაწერებს გაუგებარი ხდება,“-ამბობს ოთარ კახიძე. 

დღის ამბები