14 დეკემბერი 2019,   15:20
ვრცლად
„ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ რაღაც ქნას, მათ შორის პრემიერსაც ხელი შეახოცოს" - გია ხუხაშვილი

„მან ეს განცხადება გააკეთა "ქართული ოცნებისთვის", რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ჩასვლა და იქიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები მთავრობასთან შეთანხმებული იყო. 

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა და პროცესები, რომელიც გარეჯში განვითარდა, მთავრობას გადააბრალოს.

„ქალბატონი სალომე, ეტყობა ძალიან შეწუხებულია განვითარებული მოვლენებით და ცდილობს, რომ რაღაც ქნას. მათ შორის, პრემიერსაც ხელი შეახოცოს, თუ ეს შესაძლებელია. სალომე ზურაბიშვილმა, საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, როგორც წმინდა პოლიტიკური საკითხი და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საკითხი გადაიყვანა რელიგიურ ასპექტში. მთავარი ფრაზა ის კი არ იყო, რომ ამაზე ვილაპარაკე და ეს უნდა დაჩქარდეს, მთავარი პრობლემა იყო, რომ მან ილაპარაკა, რომ მე ამ საკითხზე ვესაუბრე მამა ილარიონს, ბერებს ვესაუბრე. ანუ, დელიმიტაციის საკითხებზე ბერებთან იმუშავა სალომე ზურაბიშვილმა და ამას მოჰყვა, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხის აფეთქება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ჩვენთვის არ გაუკეთებია, მან ეს განცხადება გააკეთა "ქართული ოცნებისთვის", რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველად დავით გარეჯში 20 აპრილს ჩავიდა. მან ჯარისკაცებთან ფოტოსურათები გადაიღო და განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, მაისში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის თხრა დაიწყეს. 

ამ დროისთვის, საქმეში ჩართულია ორივე მხრიდან ოფიციალური კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაზე მუშაობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები