26 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
პოლიციის მანქანის გატაცება - შსს-ს ინფორმაცია არ დადასტურდა, 17 წლის ბიჭს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა

17 წლის ბიჭს, რომელსაც სამართალდამცველები კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. 17 წლის მოზარდის საქმეზე „კურიერმა“ ახალი დეტალები გაარკვია.

ადვოკატი „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ 17 წლის ბიჭი ალკოტესტზე 10 ივნისს შეამოწმეს და მას თრობა არ დაუდგინდა.

17 წლის ბიჭისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობას გორის რაიონული სასამართლო რამდენიმე წუთში დაიწყებს. არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი, ქეთევან გაგოევი მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს. მისი განმარტებითვე, საქმეში არ დევს არანაირი ვიდეომტკიცებულება, რომელსაც წესით, პოლიციის კუთვნილი გატაცებული მანქანის ტრაექტორია უნდა დაედგინა. 

"კურიერთან" საუბრისას Qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწაკაშვილი, რომელიც გორის ავტომაგისტრალზე მომხდარის თვითმხილველია ამბობს, რომ მაშინ როდესაც ის შემთხვევის ადგილზე მივიდა, პოლიციის არც ერთი ეკიპაჟი დევნას არ ახორციელებდა. შესაბამისად, ვერსია რომ ავტომობილის გამტაცემებილი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, კითხვის ნიშნებს აჩენს. 

„პიროვნების შესახებ, რომელმაც, პირველი ვერსიით, გაიტაცა ავტომანქანა, იცოდა პოლიციამ თავიდანვე, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მისი დაკავება 12 საათის შემდეგ. მის საცხოვრებელ სახლში უნდა მისულიყვნენ იმავე ღამეს. რატომ არ მოხდა იმავე ღამეს დაკავება, ეს კითხვის ნიშანს ბადებს და შემდეგ მთავარია, რომ ავტობანზე არ იმყოფებოდა პოლიცია, მომდევნო განცხადების მიხედვით, დევნა არ ხორციელდებოდა, პიროვნება ნახა მხოლოდ გამვლელმა ან იმ მანქანის პატრონმა, ვისაც შეეჯახა და თვითონ გამვლელმა. იქ პოლიცია არ იმყოფებოდა, შესაბამისად, დევნა არ ხორციელდებოდა,“ - განაცხადა ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა სწორედ წიწაკაშვილმა გაავრცელა. ის პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში და საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებდა. წიწაკაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მას ტერიტორია დაატოვებინნეს და ტელეფონის წართმევაც სცადეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები