28 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
"სერიოზული დაზიანებებია" - ქუთაისში, აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონა და მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორი მათგანი თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანს სხეულის სერიოზული დამწვრობა აღენიშნებათ და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 

დაშავებულთაგან ერთ-ერთი 10 წლის გოგონაა. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 25%-ის დამწვრობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

რაც შეეხება მეორე მათგანს, ექიმის ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს მამაკაცს სხეულის 70% დამწვრობა აღენიშნება. სავარაუდოდ, ეს არის ის პირი, რომელმაც ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში განზრახ გააჩინა, რასაც აფეთქება მოჰყვა. 

ექიმის ინფორმაციით, ორივე დაშავებულს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება აქვს მიყენებული.

„ზემოთ აღნიშნული შემთხვევიდან ჩვენ კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი. ერთი მამაკაცი, 31 წლის, მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. 70% აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მეორე, 10 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა შედარებით იოლია, რადგან ფართობია ნაკლები, 25 %, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციაშია ისიც მოთავსებული. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, თუმცა ორივე შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაზიანებებთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ძლიერი აფეთქების ხმა ავტომშენებელთა ქუჩაზე გამთენიისას გაისმა, როდესაც რუსეთიდან დაბრუნებულ ნათესავებს მამაკაცი ბენზინით ესტუმრა. აფეთქების შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2-ის მდგომარეობა უკიდურესად რთულია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, გამოკითხეს მეზობლები. ჩვენებებს კი იმ ოჯახის წევრებს, სადაც აფეთქება მოხდა, მას შემდეგ ჩამოართმევენ, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები