08 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
ლარის რეკორდული გაუფასურება - ექსპერტები ფასების ზრდას ვარაუდობენ

ეროვნულმა ვალუტამ არსებობის ისტორიაში საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, დოლართან მიმართებით ლარის კურსი 2.83-ია. კომერციულ ბანკებში კი ეს ნიშნული 2.88-ს აღწევს. ექსპერტებს არც მომდევნო დღეებისთვის აქვთ პოზიტიური პროგნოზი. მოქალაქეებს კი გაუფასურებული ლარის და გაძვირებული ფასების პირობებში არსებობა უჭირთ.

„ბუნებრივია, ყოველგვარ კრიზისს, მით უმეტეს, პოლიტიკურ კრიზისს მოსდევს ეროვნული ვალუტის გაუფასურება. აქ არაფერი უჩვეულო არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქს ძალიან მწარე გამოცდილება, როგორ ათამაშებენ ლარის კურსს, როგორც მოეპრიანებათ. დღეს ყველაფერი ისე მიდის, რომ მე არ გამოვრიცხავ 3-ს გადასცდეს“, - აცხადებს მოქალაქე.

მოსახლეობა ლარის გაუფასურების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლის გაზრდასაც არ გამორიცხავს. 

„ჯერ ისედაც გაღატაკებულ მდგომარეობაში ვიყავით უმრავლესობა და ახლა, ალბათ, მათხოვრულ მდგომარეობაში ჩავარდებით. სანამ ეს კაცი აქ არის რა გამყარდება? თქვენ რისი იმედი გაქვთ?“- აცხადებს თბილისის მკვიდრი.

ლარის გაუფასურება მძიმედ აწვება ბიზნესსაც. იზრდება ფასები, მცირდება გაყიდვები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები საკუთარი საქმის გაუქმების საფრთხის წინაშე დგებიან.

„ზოგადი პოლიტიკური ფონი, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე, ფაქტია და მივიღეთ უკვე. პირდაპირი მნიშვნელობით, შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიებისთვის მომაკვდინებელი კურსია, ძალიან გაუჭირდებათ ოპერირება. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ფასები გაიზრდება. ფასების გაძვირება არ არის გამოსავალი. ფასების გაძვირება გამოიწვევს იმას, რომ დავარდება რეალიზაცია პროდუქციის, მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, კომპანიებს პრობლემა შეექმნებათ“, - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

ნავთობიმპორტიორები საუბრობენ საწვავის ფასის სავარაუდო მომატებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში ლარის გაუფასურების პარალელურად საწვავის ფასების მომატებას ელოდებიან.

„ჩვენთან იყო მოლოდინი იმის, რომ ფასები ადგილობრივ ბაზარზე უნდა შემცირებულიყო იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც გლობალურ ბაზრებზე ხდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში ვაკვირდებით, რომ ლარი უფასურდება დოლართან მიმართებით და ჩვენ არ ვიცით რა ტენდენციას მიიღებს ეს, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემა გახდება ეს. ამიტომ ძალიან რთულია ჩემი მხრიდან საუბარი, თუ მომავალში გაიაფების ტენდენცია რა დოზით მოხდება“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

ლარის გაუფასურების მიზეზად ექსპერტები არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები