28 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ივანიშვილს ჰქონდა გეგმა შეეცვალა "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკა - ოპოზიცია "რუსთავი2"-ის იურისტის გათავისუფლებას ეხმაურება 

"რუსთავი2"-ში წმენდა დაიწყო - ასე აფასებს პოლიტიკური ოპოზიცია ტელევიზიიდან მთავარი იურისტის, თამთა მურადაშვილის გაშვების ფაქტს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეტაპობრივად სამსახურს დაატოვებინებენ ყველას, ვინც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ მურადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ივანიშვილის გეგმის ნაწილს წარმოადგენს. ამის არგუმენტად ბოკუჩავა სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების შესახებ თავდაპირველ გადაწყვეტილებას ასახელებს და ამბობს, რომ ამაში დიდი როლი სწორედ მურადაშვილმა ითამაშა.

თინა ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი

„ივანიშვილს ჰქონდა გაცხადებული გეგმა "რუსთავი2"-ის პოლიტიკის შეცვლისა და სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცა ახლა. დაიწყო პირველად, როგორც ჩანს, თამთა მურადაშვილით, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე "რუსთავი2"-ის გამარჯვებაში, როდესაც სტრასბურგმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება გამოაცხადა და ამით ბიძინა ივანიშვილს ხელები შეუკრა და არ მისცა საშუალება, რომ ორი წლის მანძილზე ხელში ჩაეგდო და შეეცვალა "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკა,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე "რუსთავი2"-თან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების უკან, რომელსაც არხის მფლობელი ან მოქმედი გენერალური დირექტორი მიიღებს, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დგას.  

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი

„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ქიბარ ხალვაშის და პაატა სალიას სახით ხელისუფლება აღიქმება როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, ეს შეეხება იურისტებს თუ ჟურნალისტებს, თუ სხვა თანამშრომლებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას ხელისუფლება, ისევე, როგორც ეს დავა არ ყოფილა კერძო პირებს შორის დავა. აქ რეალურად, ხალვაშის უკან იდგა ხელისუფლება და ხელისუფლება შეეცდება ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად შეცვალოს ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა,“- განაცხადა კახიძემ.

„რუსთავი 2-ის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები