26 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
ხაზარაძის მოძრაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და ხარვეზები სახელმწიფო ტენდერების ჩატარების პროცესში - საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება. "ლელოს" ბრალდებების მთავარი სამიზნეები დღეს სამშენებლო კომპანია "როუდ ქონსთრაქშენი" და მუნიციპალური განვითარების ფონდი გახდნენ. მოძრაობაში ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.

კომპანია "როუდ ქონსთრაქშენი" დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იყო. მოძრაობის წევრის ქეთი ენუქიძის მტკიცებით, "როუდ ქონსთრაქშენმა" მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე სატენდერო ვალდებულების შესრულება 320 დღით, ხოლო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე კი 243 დღით გადააცილა, მაგრამ ამაზე პასუხი არავის მოუთხოვია.

"ლელოს" ბრალდებებს ცილისწამება უწოდა "როუდ ქონსთრაქშენის" დირექტორმა. როგორც ვაჟა ფანჩულიძე განმარტავს, საგზაო ვალდებულებები კომპანიამ, ორივე შემთხვევაში, დათქმულ ვადაზე ადრე შეასრულა. ფანჩულიძის მიერ "კურიერისთვის" მოწოდებულ დოკუმენტაციაში ჩანს, რომ შემსყიდველმა მცხეთაში ობიექტი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიდგორში კი ამავე წლის 26 დეკემბერს ჩაიბარა.

არაეფექტური მუშაობის გამო დღეს "ლელომ" მუნიციპალური განვითარების ფონდიც გააკრიტიკა. კრიტიკას დაუსაბუთებლად თვლიან ფონდში და ამბობენ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 250-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.

ვადაგადაცილებული სატენდერო ხელშეკრულებები და გამარტივებული საეჭვო შესყიდვები ინფრასტრუქტურის სფეროში - "ლელო" პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ორგანიზაციას პროკურატურაში დოკუმენტაცია ჯერ არ გადაუგზავნია.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები