08 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა

გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ახტალის პარკში, სპეციალურად ამ დღისთვის საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები მოეწყო. სტუმრებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის დიპლომატები. ესტონეთსა და სლოვაკეთთან გაფორმდა მემორანდუმი, რაც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

200-ზე მეტი სხვადასხვა ფერისა და სიძველის ღვინო, ქართულ ტრადიციებზე დამზადებული ჭაჭა, კახური სამზარეულო და მრავალჟამიერი - ამ ყველაფერმა თავი ერთად კახეთში მოიყარა. გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლა. თავისი ისტორიის მანძილზე კი ახტალის პარკმა განსაკუთრებით ბევრი სტუმარი მიიღო, დაგემოვნების პროცესში ტურისტებთან ერთად, ადგილობრივებიც ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ფესტივალზე ტრადიციულად მოეწყო თემატური პავილიონები და ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც მეწარმეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. ყველაზე მადისაღმძვრელი კი ღონისძიების ის ნაწილი იყო, რომელზეც კახური ტრადიციული კერძები მომზადდა, ეს ყველაფერი კი კახური მრავალჟამიერისა და ქართული პოლიფონიური მუსიკის ფონზე.

მიწვეულ სტუმრებთან ერთად ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა სასმელები დააგემოვნა, მათი მომზადების ტრადიციულ გზებზე კი ინფორმაცია პირადად მეღვინეებისაგან მიიღო.

ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მასშტაბური ფესტივალები ღვინის ტურიზმის განვითარებას დაეხმარება და ხელს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს.

დღის ამბები