30 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
მაჟორიტარის ინტერესებს მორგებული ტენდერები და ხელოვნურად გაზრდილი შტატები - გორის მერიის საქმიანობა აუდიტის კრიტიკულ დასკვნაში

გორის მერიის საქმიანობაზე სახელმწიფო აუდიტმა თითქმის ერთწლიანი შემოწმების შედეგად 60 გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა კონსტანტინე თავზარაშვილის მუშაობის ორწლიანი პერიოდი შეისწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პირობები კონკრეტული კომპანიის ინტერესებს იყო მორგებული.

რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამოცხადებული 33 ტენდერიდან, შესყიდვა 21 შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში წარიმართა. გორის მერიის მილიონიან ტენდერებს კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი-დეპუტატის ან მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებული კომპანიები იგებენ. ქალაქის ხელისუფლება ყოველ მსგავს შესყიდვაზე ხელშეკრულებას დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან და მასთან დაახლოებულ პირებთან აფორმებს.

აუდიტის დასკვნას ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების 4 წლიანი საქმიანობა შეისწავლა, საიდანაც დაადგინა, რომ დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან მაკრახიძის ოჯახმა 90 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

პრობლემას კიდევ უფრო მასშტაბურად თვლიან ოპოზიციაში. ისინი საჯარო უწყებებში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში ანალოგიური სიტუაციაა და კორუფციული სქემებით მიღებულ თანხებს ჩინოვნიკები მოიხმარენ.

იოსებ მაკრახიძე ერთ-ერთია იმ 40 პარლამენტარიდან, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი მოგებულ ტენდერებზე განმარტებებს არ აკეთებს. "კურიერთან"კი მის დაცვას გორის მერი შეეცადა. კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ სახელმწიფო დაკვეთების უდიდეს ნაწილს "ქართული ოცნების" დეპუტატის კომპანიები ასრულებენ. ქალაქის მერი ფაქტს იმით ხსნის, რომ პარლამენტის წევრის ოჯახს ძლიერი კომპანიები აქვს.

გორის მერი ტენედერებისგან განსხვავებით თავადაც კრიტიკულად უყურებს აუდიტორების კიდევ ერთი მწვავე დასკვნას. რევიზიის შედეგებში წერია, რომ მერიის რიგ სამსახურებში საშტატო თანამშრომელთა რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი. ზოგიერთ შემთხვევაში მერიის აიპებში თანამშრომლებს საქმე საერთოდ არ აქვთ, ან ერთ ადგილზე რამდენიმე ადამიანია აყვანილი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით გორის მთავრობის ბიუჯეტით გათვალისწინებული თითქმის ყველა პროგრამა დარღვევებით მუშაობს. ანგარიშში წერია, რომ გორის მერიამ 91 000 ლარი დახარჯა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი მაინც ვერ აშენდა. პრობლემაა მივლინებებში დახარჯულ თანხებშიც. მწვავე დასკვნასთან ერთად აუდიტორებმა გორის მერიას, მდგომარეობის გამოსწორებისთვის, სპეციალური რეკომენდაციებიც მისცეს.

დღის ამბები