08 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
თადუმაძის, მიქაუტაძისა და გვრიტიშვილის ფონზე ყველანაირი რეფორმა კარგავს აზრს - ხატია დეკანოიძე

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა ამოქმედდა. იუსტიციის საბჭო სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნისას უკვე ვალდებულია გადაწყვეტილების არგუმენტები წარმოადგინოს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ცვლილებას კოსმეტიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში მართლმსაჯულების სისტემის მთავარ პრობლემა კლანური მმართველობაა.

საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებას ფორმალურს უწოდებენ ოპოზიციაშიც, ისინი საბჭოს შემადგენლობის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რეფორმასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანია.

"პრაქტიკიდან გამომდინარე რაც აქამდე იყო და უამრავი შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ბევრია აქ ისეთი ადამიანი ვინც არ იმსახურებდა პოზიციას, თუმცა დაუმსახურებლად პოზიციები მიიღეს," განაცხადა გიგი წერეთელმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე კი ფიქრობს, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თადუმაძის და გვრიტიშვილის ფონზე, ყოველგვარი ახალი რეფორმა აზრს კარგავს.

"თადუმაძის, მიქაუტაძის და გვრიტიშვილის ფონზე ყველანაირი რეფორმა კარგავს ყველანაირ აზრს. მე ვფიქრობ, რომ ტექნიკურ საკითხებში დროის დაკრგვას აზრი არ აქვს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭო თავის გადაწყვეტილების დასაბუთებას აუცილებლად შეძლებს, კითხვების შემთხვევაში კი პარლამენტი ყველაფერს გაუწევს კონტროლს, როგორც საზედამხედველო ორგანო.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნდობას უცხადებს.

"ის რაც წერია კანონში, რომ უნდა იყოს დასაბუთება ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის საბჭო ყველაფერს უზრუნველყოფს ისე როგორც საჭიროა," განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები