26 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
ვანო მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ ირანის სამიზნე ქართული ბაზები გახდეს

მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი საქართველოდან 1193 კილომეტრში. როგორ აისახება ქვეყანაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით, იმ ფონზე, რომ ნავთობის ფასი უკვე 5 პროცენტით გაიზარდა.

თბილისში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე საუბრობენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახლა მთავარია ქვეყნის ხელისუფლების სწორად შერჩეული პოზიცია.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის თქმით, საქართველოს საფრთხე გარკვეულწილად ემუქრება, ვინაიდან პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენი ქვეყანა ჩართულია მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამაში.

მაჭავარიანის შეფასებით, არ არის გამორიცხული, ქართული ბაზები ტერორისტების მხრიდან ერთ-ერთი სამიზნე იყოს. გარდა ამისა, მაჭავარიანის თქმით, საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორს გარკვეული სახის დახმარება უნდა შესთავაზოს.

"ირანმა გადაწყვიტა სწორედ ამ ბრძოლითა და სამხედრო შენაერთებით ებრძოლოს ამერიკას და აშშ-ს პარტნიორებს რეგიონში. საქართველო არის ჩართული სწორედ ამ ბრძოლაში ამერიკელებისა და დასავლეთის მხარეს. ის თავდასხმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოხდა ქართულ საჯარისო ფორმირებებზე, იყო სწორედ ამ მსგავსი სამხედრო შენაერთების მხრიდან, რომელსაც ეჭვი არსებობს, რომ სწორედ ირანი ასპონსორებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები ჩამოყალიბებული და მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს აშშ-სთან, თუ რა დახმარება იქნება საჭიროება - სადაზვერვო, სამხედრო, ლოჯისტიკური მომარაგების თვალსაზრისით," - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დავით რაქვიაშვილის შეფასებით, პირდაპირი საფრთხე საქართველოს ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა მოდუნების საშუალება ქართულ მხარეს არ აქვს.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები