30 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
არასამთავრობოების ნაწილის აზრით, მურად წურწუმიას გარდაცვალება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის 2 იანვარს, 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი სახელმწიფოს ინსპექტორის სასამხურმა უნდა გამოიძიოს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. 

განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სასამხურმა სამართალდმაცველების მიერ ჩადენილი დანაშაული ეფექტურად და დროულად უნდა გამოიძიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ამ სამსახურის შექმნის მთავარი იდეაც სწორედ ამგვარი საქმეების გამოძიებაა. 

“სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება. ამავე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას ასევე განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება. კანონის აღნიშნული ჩანაწერი ნებისმიერ იმ შემთხვევას გულისხმობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა სამოქალაქო პირს აღუკვეთა თავისუფლება და არ მისცა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიზანი და ზოგადად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის მთავარი იდეა, სწორედ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი და დროული გამოძიებაა. წლების განმავლობაში ადგილობრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ მსგავსი დანაშაულები გამოეძიებინა დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საგამოძიებო უწყებას." - აღნიშნულია განცხადებაში. 

მესამე სექტორი მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი და საქმის გამოსაძიებლად გადასაცემად, პროკურატურას მიმართოს. 

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების შინაარსს იმის თაობაზე, რომ რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, მათ კომპეტენციას სცდება გამოძიების ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორს, სწორედ იმიტომ, რომ თავიდან აიცილოს სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულისთვის არასწორი ან საკამათო კვალიფიკაციის მინიჭების გზით საქმეთა დაქვემდებარება, კანონმდებელი აძლევს უფლებამოსილებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიმართოს პროკურატურას საქმის გადაცემის მოთხოვნით. თვალსაჩინოებისთვის, ინსპექტორის სამსახურის მიერ განვითარებულ მსჯელობას თუ გავიზიარებთ, ამ უწყების ქვემდებარე არ აღმოჩნდებოდა გირგვლიანის საქმის გამოძიებაც, რადგან გამოძიება 117-ე, 143-ე და 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარმოებდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს, ხოლო მეორე მხრივ პროკურატურამ უზრუნველყოს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ გადაცემა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები