08 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ე.წ. ფარცხალაძის კლანი და ბოტასის ძეგლი - სამოქალაქო აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტები გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა საპროკურორო საბჭოში ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასახელება გააპროტესტეს.

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტებმა პროკურატურის წინ სიმბოლურად ბოტასის ძეგლი დადგეს. მათი განმარტებით, სწორედ ბოტასი არის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პროკურატურაში მოღვაწეობის სიმბოლო, ხოლო ირაკლი შოთაძე არის მისი "კლანის" წევრი და შესაბამისად დაუშვებელია შოთაძე ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნდეს.

"მოპარული ბოტასი სიმბოლოა საქართველოს პროკურატურის, შოთაძის და ფარცხალაძის პროკურატურის. დღეს ვხედავთ ივანიშვილის სურვილისამებრ ეს ადამიანი ისევ ბრუნდება იმ თანამდებობაზე, რომლიდანაც ის ხალხმა გადააყენა, სწორედ ეს არის ჩვენი პროტესტის მიზანი. შოთაძე არ დაინიშნება და თუ მაინც დაინიშნება, ის დაინიშნება ძალიან დიდი საპროტესტო მუხტის ქვეშ, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

"ფარცხალაძე არის ბოტასების ქურდი და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დააბრუნოს მისი კლანი პროკურატურაში. წელიწადნახევრის წინ ხალხის პროტესტმა გადააყენა შოთაძე თანამდებობიდან, მისი დაბრუნება არის ამ ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება და შეურაცხყოფა. ბოტასების ქურდი არ უნდა გვიწესებდეს ჩვენ სამართალს და არ უნდა ასამართლებდეს ადამიანებს," - აღნიშნა აქციის მონაწილემ ლინა დოლიძემ.

დღეს საპროკურორო საბჭო პირველად იკრიბება და  17 კანდიდატის საქმეებს განიხილავს. სწორედ 17-მა პირმა გამოთქვა პრეტენზია აღნიშნულ პოსტზე და საბჭოში განცხადება შეიტანა.

მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სწორედ საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს არანაკლებ სამი კანდიდატი, რომელიც დასამტკიცებლად უკვე პარლამენტს გადაეგზავნება.

 

დღის ამბები