08 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
შეთანხმება შედგა - ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სამთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მთავარი შეთანხმების ადგილად იქცა. კონსენსუსი მიღწეულია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კომპრომისული მოდელით 120/30-ზე ჩატარდება. პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმით გაამყარეს.

პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ ოპოზიციისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის შეთანხმება პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებელი პირობაა.

შეთანხმებას და მის პირობებს ეთანხმებიან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები - კანონმდებლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უმრავლესობა სწორედ პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო დატოვეს.  დაუჭერენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დამოუკიდებელი დეპუტატები, საკითხს საბოლოოდ ფრაქციაში კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტენ.

შეთანხმებით კმაყოფილია მმართველი გუნდი. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლიან ხელისუფლებას უწოდებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ამ შეთანხმებით კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი.

მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პირობა პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა და მათი შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

საკითხი, რაზეც განსხვავებული ინტერპრეტაციები მოვისმინეთ, წერილობითაც გავრცელდა. დღეს ფასილიტატორების თანდასწრებით, ურთიერთგაგების მემორანდუმთან ერთად ხელი კიდევ ერთ შეთანხმებას მოეწერა. დოკუმენტის ხელმომწერები ეთანხმებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას.

სამთვიანი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ფასილიტატორების სახელით პოლიტიკურ პარტიებს ევროკავშირის ელჩმა მიულოცა. კარლ ჰარცელის შეფასებით, შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციისთვის. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ შედეგი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მედიასთან განმარტებების გაკეთებამდე, დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება წერილობით გაავრცელეს. სადაც წერია, რომ "შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული."დიპლომატების შეფასებით, დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

შუამავალი დიპლომატები მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაიცვან შეთანხმება, უზრუნველყონ მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე კვირას მოხდება. კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა, მაქსიმალური ვადა ოთხშაბათამდეა.

დღის ამბები