28 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
დედაქალაქი 3 აფეთქებას გადაურჩა

დედაქალაქი 3 აფეთქებას გადაურჩა. საუბარია სხვადასხვა უბანში მდებარე 3 კორპუსზე, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვება დაფიქსირდა. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ირკვევა, რომ მოქალაქეებმა გაზის ონკანები ჩართული დატოვეს, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ბინებში გროვდებოდა. სამივე კორპუსში, სადაც მოქალაქეებმა გაზის მოხმარების წესები დაარღვიეს, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დადგა.

როგორც ირკვევა, ბუნებრივი აირის მოხმარების წესები ზაფხულშიც საკმაოდ ხშირად ირღვევა. დაუდევრობა და კუსტარულად დამონტაჟებული სისტემები - სწორედ ეს გახდებოდა თბილისში 3 საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების მიზეზი, რომ არა სპეციალისტების დროული ჩარევა.

გლდანის მე-8 მიკრორაიონის გარდა უბედური შემთხვევების პრევენცია მოხდა ვაზისუბნის მე-3 და მე-8 მიკრორაიონებში. მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნო, რის შემდეგაც 114-ს დაუკავშირდნენ.

როგორც "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები აცხადებენ, სეზონის ამ დროსაც საკმაოდ ბევრი გამოძახება აქვთ. შემთხვევების უმეტესობა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ხშირია მაგალითები, როდესაც გამწოვი მილები სავენტილაციო სისტემასთან არის დაკავშირებული და ნამწვით კორპუსის რამდენიმე ოჯახის მოწამვლა ხდება. ამჯერად სპეციალისტებს მსგავსი პრობლემა არ დაუფიქსირებიათ.

მხოლოდ გასულ წელს ბუნებრივი აირის წესების დარღვევის გამო, სხვადასხვა სიმძიმის ინტოქსიკაციით, 270-ზე მეტი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. დაფიქსირდა 26 ლეტალური შემთხვევა. ამ ეტაპზე მსგავსი მხოლოდ ოთხია, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად პრობლემამ თავი კიდევ იჩინოს.

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ. გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც, მათი თქმით, უბედური შემთხვევების შემცირებაზეა ორიენტირებული.

წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევა ფულად ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, საუკეთესო გამოსავლად მაინც მოქალაქეების თვითშეგნებას ასახელებენ. სწორედ ადამიანურ ფაქტორს და დაუდევრობას უკავშირდება დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში 2019 წელს მომხდარი რამდენიმე ძლიერი აფეთქება.

დღის ამბები