30 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
ერთია მიყურადება, ჩანაწერების გაკეთება და მეორე, როგორ იცავს მას კონკრეტული სუბიექტი - სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს მესამე სექტორი აფასებს

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს და მასში მოყვანილ ფაქტებს არასამთავრობო სექტორშიც აფასებენ. "საიას" განცხადებით, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებისთვის უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი და დადასტურებული უნდა იყოს მისი გამოყენების საჭიროება.

"კამერების განთავსება არ უნდა ხდებოდეს ისე და იმგვარად, რომ ეს იყოს უკიდურესი ჩარევა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მე ვფიქრობ არის ის, რომ რეალურად ამ ინფორმაციის შენახვა როგორ ხდება და მიუწვდება თუ არა მესამე პირს ამ ინფორმაციაზე ხელი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს სოციალური ქსელებით. ამიტომ ერთია მიყურადება, ჩანაწერების გაკეთება და მეორე, როგორ იცავს მას კონკრეტული სუბიექტი,"- აცხადებს "საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

"ჩვენი კანონმდებლობის და პრაქტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არის კანონით დაზღვეული რისკები, რომ არსებული ლეგიტიმური რისკების გარდა, უწყებები კვლავაც ამუშავებდნენ ინფორმაციას შერჩევითად, სუბიექტური მოტივებით. ამ ყველაფერს სჭირდება მკაფიო რეგლამენტაცია და ეფექტური კონტროლი, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა თუ კონკრეტულმა საჯარო პირებმა არ შეძლონ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება," - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი გურამ იმნაძე.

დღეს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაია კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხრიდან 1,362 განჩინება გაიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, უწყება ამოწმებს რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, სამსახურმა დაადგინა სამართალდარღვევის 4 ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას.

დღის ამბები