28 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
400-მდე დაზარალებული ოჯახი 12 წლიანი ლოდინის შემდეგ ბინებს მიიღებს - მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

400-მდე დაზარალებული ოჯახი 12 წლიანი ლოდინის შემდეგ ბინებს მიიღებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია "m2-ს" შორის გაფორმდა. დოკუმენტი სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრების ხელშეწყობას გულისხმობს.

მშენებლობა კორექტირებული პროექტების შეთანხმებისა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე დაიწყება და 3 წლის ვადაში დასრულდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაახლოებით 400-მდე დაზარალებული ოჯახი მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართს. კახა კალაძის თქმით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სამშენებლო პროექტი დასრულდება.

"ჩემს უკან დგას შენობა-ნაგებობა, რომელიც დღეს უკვე დასრულებული უნდა იყოს წესით. მთელი რიგი პრობლემების გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, რადგან სამშენებლო კომპანია "m2" დაინტერესდა ამ პროექტით. დაახლოებით 400-მდე ოჯახი, ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ბინებს და იყვნენ გაურკვევლობაში, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ისინი მოახერხებდნენ თუ არა, შეძლებდნენ თუ არა, რომ თავიანთი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც უნდა მიეღოთ წლების წინ, მოხდებოდა თუ არა ამ პროექტის სრულყოფაში მოყვანა და დასრულება. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტი დასრულდება," - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კომპანია "m2-ის" გენდირექტორის განმარტებით, კომპანია სრულად აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

"ვიწყებთ "ოლიმპიური ვარსკვლავის" პროექტის განხორციელებას და მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 400-მდე დაზარალებული ოჯახი მიიღებს თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ ბინას. ჩვენი მხრივ, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას," - აცხადებს კომპანია "m2-ის" გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.

დღის ამბები