28 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ახალი მოწმე, ფოტოგრაფი ჩნდება

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ერთი საათის წინ დასრულდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული პირები მონაწილეობდნენ. გამოძიებას აინტერესებს, ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, რომელიც მცხეთაში, ნაქირავებ აგარაკზე მოხდა.

ერთი საათის წინ დატოვა "ოქროს მოწმემ", გურამ ამირხანაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. მას მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია. ის რამდენიმე საათის განმვლობაში იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან ერთად შენობაში. 

"ოქროს მოწმის" გარდა, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც იმყოფებოდა ექსპერტიზაზე, ეს გახლავთ "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლი და მის გვერდზე მჯდომი ორი მორაგბე. დეტალებზე კომენტარი მედიასთან მათაც არ გააკეთეს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობებსაც, ბრიფინგებს მართავენ... კომენტარს არ ვაკეთებ".

პარალელურად, პოლიციაში გრძელდება დაკითხვები. გამოძიებას ჩვენებებს აძლევენ მოწმეები. ზოგი მათგანი პოლიციაში ხელმეორედ დაიბარეს.

კიდევ ერთი დეტალი - საქმეში ახალი მოწმე ჩნდება, ფოტოგრაფი, რომელიც, როგორც ირკვევა, 18 ივნისის ღამეს იმ ცენტრალურ მაგისტრალზე იმყოფებოდა, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი ქრება. ისიც, სხვა პირების მსგავსად, შეშინდა მომხდარის გამო და დამალვა სცადა. "კურიერის" ინფორმაციით, ის იმალებოდა მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ ფარდულში. ფოტოგრაფი, ამ დროის განმავლობაში, მედიასთან არ გამოჩენილა. 

მოწმეების ადვოკატების ნაწილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ პირების ნაწილს დაზიანებები საერთოდ არ აღენიშნება. თუმცა გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება მათი შემოწმების თაობაზე.

"აგარაკზე არაფერი დაზიანებული არ არის და სხვა არაფერი არ ვიცი. აგარაკის ტერიტორიაზე არ არის სათვალთვალო კამერები. ჩვენ არ გვაქვს დამონტაჟებული. ჩვენგან ახალგაზრდა გოგონამ იქირავა, როგორც მე ვიცი სრულწლოვანია და პირადად მეკონტაქტებოდა," - აღნიშნა აგარაკის მფლობელმა.

"ამ 4 პიროვნებიდან ერთ-ერთია ის ფოტოგრაფი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა, შემდეგ მოახდინეს გაქცევა, ერთ-ერთი უნდა იყოს ფოტოგრაფი როგორც მაქვს ინფორმაცია," - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად არ აღენიშნება არცერთი დაზიანება, მას არანაირი ჭრილობა, არცერთი ნაკაწრი არ აქვს. ის იყო იმ წვეულებაზე, იღებდა თუ არა მონაწილეობას, ამის თაობაზე მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას.

შაქარაშვილს იცნობს, მასთან დაპირისპირებული მხარე არ არის," - აღნიშნა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, მოცემულ ეტაპზე გამორიცხული არაფერი არ არის. მისი თქმით, ყველა ვერსია ისევ ძალაშია. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

"თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია რაიმე სახით ძალადობა, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, რომელიც შეიძლება დღემდე არ ენახოს საქართველოს. არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის," - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

დღის ამბები