10 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
საინტერესო იქნებოდა დამკვეთის პოზიცია, რით იყო განპირობებული ის, რომ ამხელა თანხა დაიხარჯა და შეხვედრებიც კი არ შედგა - თეონა აქუბარდია Fara-ს გამოქვეყნებულ დოკუმენტზე

ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის გადახდილი ასეულობით ათასი დოლარი, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება "ფარას" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომელიც "ფორმულას" მიერ დაქირავებული კომპანიის საქმიანობას ეხება.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის" ჯგუფი, რომელმაც "ფორმულასთან" კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას.

ირკვევა, რომ ლობისტების მოთხოვნა შეხვედრებზე ძირითად შემთხვევებში უპასუხოდ დარჩა. მცდელობების მიუხედავად, ლობისტურმა ჯგუფმა, ვერ უზრუნველყო შეხვედრის ორგანიზება ვერცერთ სენატორთან და კონგრესმენთან. შეხვედრა მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან ჩაინიშნა.

ანგარიშით ირკვევა, რომ 2023 წლის ოქტომბერში, სენატის საგარეო კომიტეტის რამდენიმე თანამშრომელთან შეხვედრების თარიღი, ვაშინგტონში ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენლების ვიზიტს ემთხვევა. "კორნერსტოუნის" ლობისტებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ანალიტიკურ ცენტრებთან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას შეფასებით, საინტერესო იქნებოდა დამკვეთის პოზიცია, რატომ არ დადგა შედეგი მაშინ, როდესაც ამდენი ფული იყო გადახდილი და არის თუ არა უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით.

"კითხვა მდგომარეობს იმაში, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს და რა შედეგზე გადის. მაშინ, როდესაც შედეგი არ იყო, ბუნებრივია ისმის კითხვა, ამხელა ფულის დახარჯვა რაში სჭირდებოდათ და არის თუ არა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შედეგი არ დადგა. საინტერესო იქნებოდა, მაშ შორის, დამკვეთის პოზიცია, რით იყო განპირობებული ის, რომ ამხელა თანხა დაიხარჯა და შეხვედრებიც კი არ შედგა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ლობისტების ყოლა კანონდარღვევა არ არის და ამასთან დაკავშირებით შეფასებას არ გააკეთებს, რადგან საკითხზე უნდა იმსჯელოს იმ მხარემ, ვინც ფული გადაიხადა და შედეგი არ დადგა.

"ლობისტური კომპანიების ქონა და ყოლა, ზოგადად, ნორმალურია და ამაში კანონდარღვევა არაფერი არ არის. ახლა, რა გააკეთეს და რა არ გააკეთეს, ამაზე უნდა იფიქროს იმ ხალხმა ვინც ფული გადაუხადა, ვინც დაკვეთა მისცა. ეს საკითხი ჩემი განსახილველი არ არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები