28 აპრილი 2024,   21:40
ვრცლად
გერმანული მედია: ტერორისტი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება 30 წელი ეძებდა, ქართველმა იპოვა

“მას ახლა ეშინია დანიელა კლეტეს (RAF-ის ტერორისტი) თანამებრძოლების შურისძიების“, - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გამოცემა სტატიას პროგრამა PimEyes-ის დამფუძნებლის, გიორგი გობრონიძის შესახებ.

მედია წერს, რომ გერმანული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია RAF-ს წევრი მართლმსაჯულებას 30 წლის განმავლობაში ემალებოდა. ფედერალურმა ხელისუფლებამ მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 150 000 ევროც დააწესა.

მრავალწლიანი ძებნის შემდეგ მისი ვინაობის და ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ გიორგი გობრონიძის მიერ შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით მოხერხდა.

დენიელა კლეტე რამდენიმე დღის წინ ბერლინში პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავა. მას ბრალად ედება ექვს შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობა, რომლის შედეგად მილიონობით ევრო მოიპარეს, ასევე მინიმუმ ერთი მკვლელობის მცდელობა. სავარაუდოდ, დანაშაულები ჩადენილია 1999-დან 2016 წლამდე, მანამდე კლეტე ოფიციალურად ირიცხებოდა მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში.

ბოლო პერიოდში დანიელა კლეტე ცხოვრობდა სებასტიანშტრასეს 73-ში, მეხუთე სართულზე, გამოგონილი სახელით “კლაუდია ივონე“ და იტალიური პასპორტით. ამავე სახელით შექმნილი ჰქონდა Facebook-ის ანგარიშიც.

დანიელა კლეტეს დაკავებისა და ამ საქმეში ქართველი გიორგი გობრონიძის წვლილის შესახებ გამოცემა Bild წერს.

“მისი გუნდი მხოლოდ ათი თანამშრომლისგან შედგება, მაგრამ მისი სისტემა მოიცავს უამრავ ქვეყანას. 36 წლის გიორგი გობრონიძე არის ფოტო საძიებო პროგრამა PimEyes-ის დირექტორი და მფლობელი, რომლის დახმარებითაც ბერლინში 65 წლის ტერორისტი დანიელა კლეტე აღმოაჩინეს. ქართველი BILD-თან ექსკლუზიურად საუბრობს თავის პროგრამაზე და ტერორისტებზე ნადირობის შესახებ“, - წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა და იქვე აღნიშნავს, რომ “მან რამდენიმე წუთში მოახერხა იმის გაკეთება, რაც ხელისუფლებამ ოცდაათი წლის განმავლობაში ვერ შეძლო“.

BILD: არსებობს თუ არა რაიმე სხვა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადაწყდა PimEyes-ის მეშვეობით?

გიორგი გობრონიძე: „2023 წელს ჩვენ დავეხმარეთ ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და უკრაინაში ადამიანებით ვაჭრობის 12 საქმეში. ჩვენ ასევე წარმატებით დავეხმარეთ [სამართალდამცველებს] ადამიანების, მათ შორის ორი ბავშვის გატაცების საქმეებზე, დავხურეთ დაახლოებით 100 ვებგვერდი, რომლებიც ახორციელებდნენ არალეგალურ ქმედებებს, როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფია და ჩვენ შევძელით იმ ასობით ადამიანის ბედის გარკვევა, რომლებიც იძულებით გააძევეს უკრაინიდან“.

BILD: როდესაც საქმე ეხება დანიელა კლეტეს საქმეს, ამაყობთ, რომ PimEyes დაეხმარა პოლიციას ტერორისტის კვალის დადგენაში?

გიორგი გობრონიძე: „ისე ჰგავს ფილმს: დანაშაულთან დაკავშირებული ადამიანი 30 წელი წარმატებით იმალება, მაგრამ შემდეგ შემთხვევით აღმოჩენილია ჩვენი საძიებო პროგრამის წყალობით. ჩვენი პროგრამა არის საძიებო პლატფორმა ღია ინტერნეტში, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის პოვნაში. ჩვენი შედეგები საჯარო URL-ებია და წარმატება დაფუძნებული იყო არა მხოლოდ ჩვენს პროგრამაზე, არამედ მის პროფესიონალურ გამოყენებაზე გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ, რომელიც ეფექტურად აერთიანებდა მას კვლევის სხვა მეთოდებთან“.

BILD: ემხრობით თუ არა, რომ გამომძიებლებმა მუდმივად გამოიყენონ PimEyes?

გიორგი გობრონიძე: „მიუხედავად იმისა, რომ საინტერესოა, ასეთ მოთხოვნებისგან თავს ვიკავებ. თუმცა, ვფიქრობ, ტრადიციული გამოძიების მეთოდები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებში გადაიხედება“.

BILD: ბევრია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ PimEyes ანონიმურობას არღვევს და რომ თქვენ აგროვებთ მონაცემებს. ეს სწორია?

გიორგი გობრონიძე: „PimEyes-ს ევროპული სტანდარტები არ დაურღვევია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვიხსენიებენ, როგორც სახის ამოცნობის სისტემას, რეალურად ვართ სახის ძიების სისტემა, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიური პროცესია. სახის ამოცნობა მიზნად ისახავს ადამიანების იდენტიფიცირებას სახის ბიომეტრიის მიხედვით. ჩვენი ტექნოლოგია მოიცავს ფოტოგრაფიული მასალისა და მისი ადგილმდებარეობის ინტერნეტში ანალიზს, ასევე ვებსაიტის იდენტიფიკაციას, რომელზეც ის გამოქვეყნდა. იდეა, რომ ჩვენ ვინახავთ მილიარდობით ბიომეტრიულ მონაცემს, ფუნდამენტურად მცდარია“.

BILD: მიუხედავად ამისა, ინგლისში, მაგალითად, ბრიტანულმა ორგანიზაცია Big Brother Watch-მა, ორჯერ უჩივლა მარეგულირებლებში PimEyes-ს...

გიორგი გობრონიძე: „მაშასადამე, ორჯერ დეტალურად გამოგვიკვლიეს. და ორივე შემთხვევაში იყო იგივე შედეგი: რომ ყველა ეს შიში ეფუძნებოდა არა რაიმე კონკრეტულს, არამედ მხოლოდ პირად ვარაუდებს. რადგან ისინი არც კი იცნობენ ტექნოლოგიას და ვერ ცნობენ ელემენტარულ განსხვავებას ფოტოგრაფიულ და ბიოქიმიურ ანალიზს შორის“.

BILD: დარწმუნებული ხართ, რომ არ ინახავთ ფოტოებს?

გიორგი გობრონიძე: „ეს არ შეიძლება! იმისთვის, რომ იმდენი ფოტო შევინახოთ, რამდენიც სისტემამ იპოვა, დაგვჭირდება ბერლინის ზომის სერვერი“.

BILD: PimEyes-ით გამდიდრდით?

გიორგი გობრონიძე: „მე ვაგრძელებ ჩვეულ ცხოვრებასა და საქართველოში უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობას უსაფრთხოების საკითხებში. ასევე ვიმუშავე სახელმწიფო ანტიტერორისტული დოკუმენტების შემუშავებაზე და ვწერ სადოქტორო დისერტაციას ხელოვნურ ინტელექტზე. ჩემი ოჯახში ვართ მე, ჩემი ცოლი, ქამელეონი და ობობა. მე და ჩემი მეუღლე მალე ტყუპს ველოდებით. ვცხოვრობ თბილისის გარეუბანში, ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიყვარს სპორტი და ვეწევი ტიპური საშუალო კლასის ცხოვრებას.

BILD: გყავთ მუდმივი პირადი დაცვა? არის თუ არა საფრთხეები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც თქვენი პროგრამის გამოყენებით პრობლემები შეექმნა?

გიორგი გობრონიძე: „არასდროს მყოლია პირადი დაცვა, თუნდაც ტერორიზმის საქმეებზე სასამართლო პროცესებში. მაგრამ იყო მუქარები, უპირველეს ყოვლისა, პრორუსული ან რუსული ჯგუფების მხრიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით უკრაინის ორგანიზაციებთან. ბოლო ადამიანი, ვისაც ჩემი პროგრამის გამო პრობლემები შეექმნა, იყო ქალბატონი დანიელა კლეტე. იმედია [მისი] ძველი ამხანაგები შურს არ იძიებენ ჩემზე. ჩვენ არ ვართ მონაცემთა გიგანტი, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს. ”

დღის ამბები