27 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - 19 წლის გოგოს ჩვენება, რომელმაც გიორგი ქაროსანიძის 10-წლიანი დანაშაულებრივი სქემა გამოააშკარავა

სოციალურ ქსელში არსებული ყალბი გვერდების გამოყენებით, 43 წლის მამაკაცი, წლების განმავლობაში, ასობით ქალის მოტყუებას ახერხებდა. გიორგი ქაროსანიძე მსხვერპლ ქალებს, თითქოსდა სარეკლამო ფოტოების გადაღებაზე, 1500-2000 ლარის სანაცვლოდ ითანხმებდა. რეალურად კი, მისი მიზანი, შიშველი ფოტოების გავრცელების მუქარით, მათთან სექსუალური კავშირის დამყარება იყო. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და სექსუალურ იძულებაში ბრალდებული საკუთარ ვინაობას მალავდა და მოქმედი ფოტოგრაფის - ნუკრი ჯიოშვილის სახელით სარგებლობდა.

ქაროსანიძის ერთ-ერთი მსხვერპლი 19 წლის გოგოა. მას 43 წლის კაცმა, ინტიმურ ურთიერთობაზე უარის შემდეგ, მოტყუებით გადაღებული ფოტო გაუვრცელა. მამაკაცი მუქარას ისევ არ წყვეტდა. დაზარალებულმა ქალმა სამართალდამცველებს მიმართა. სწორედ მისი ჩვენებით გავიდა გამოძიება კვალზე. "კურიერმა" ქალის ის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც დაზარალებული გამომძიებელთან დანაშაულებრივი სქემის დეტალებს აღწერს.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულ გიორგი ქაროსანიძეს სასამართლომ წინასწარი - ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, გამომძიებლებმა 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეოფაილი ამოიღეს. გიორგი ქაროსანიძე მუხიანში, საკუთარ სახლთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულს საეკლესიო მაღაზია აქვს, ხოლო დანაშაულთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, დანაშაულის ადგილი გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაა. ბრალდებულს ე.წ. ფოტოსტუდია დის სახლში ჰქონდა მოწყობილი.

"კურიერის" ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი უკანონო საქმიანობით 10 წელზე მეტხანს იყო დაკავებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაზარალებული ქალების რიცხვი გაიზარდოს.

დღის ამბები