"კურიერის" ექსკლუზივი - "კურიერმა" გახმაურებულ საქმეზე დაზარალებულის ჩვენება მოიპოვა. 19 წლის გოგოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 43 წლის გიორგი ქაროსანიძე დააკავა. მას 200-მდე ქალის პირადი ცხოვრების ხელყოფაში ედება ბრალი.
ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრი. ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, დეტალურად არის აღწერილი ის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული მოქმედებდა.
პროცესმა საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. დაკავებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
"მიმოწერის მეორე მხარეს მყოფი პიროვნება გამეცნო, როგორც ქრისტი, ფოტოგრაფ ნუკრი ჯიოშვილის დამხმარე. ვუთხარი, რომ გადაღებაზე იმ შემთხვევაში ვიქნებოდი თანახმა, თუკი დამიფარავდნენ სახეს და საცურაო კოსტიუმი ან თეთრეული არ იქნებოდა სრულად გამჭვირვალე. მალევე დამირეკა და გამეცნო, როგორც ფოტოგრაფი ნუკრი ჯიოშვილი, ჩამისვა მანქანაში და მიმიყვანა ერთ-ერთ ბინაში.
თავდაპირველად, ფოტოები კაბით გადამიღო, შემდეგ შორტში და საბოლოოდ, მივედით საცურაო კოსტიუმამდე. მან გადამიღო სექსუალური ხასიათის ფოტოები. არ ვარ დარწმუნებული, მოახდინა თუ არა ჩემი გადაღება გამოცვლის დროს, გვერდით ოთახში, როდესაც ვიყავი სრულად შიშველი, რადგან კარი ბოლომდე არ იყო დახურული და დავინახე, როგორ მიყურებდა. აღმოჩნდა, რომ ყველა ფოტოში მიჩანდა სახე. პროტესტი გამოვხატე, მაგრამ მითხრა, რომ ეს საცდელი ფოტოები იყო და წაშლიდნენ. მან მაჩვენა მობილურ ტელეფონში უამრავი გოგოს შიშველი ფოტოსურათები. ამის შემდეგ წამოვედი.
დაიწყო მოწერა. მეუბნებოდა, რომ მასთან ერთი ერთზე მქონოდა ურთიერთობა. უარის შემდეგ მომწერა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ მანანებდა ამ საქციელს. მწერდა სხვადასხვა პირის სახელებით. მეუბნებოდა, რომ ჩემს ოჯახის წევრებს გაუგზავნიდა ჩემს ფოტოებს, რაც რეპუტაციას შემილახავდა და პრობლემებს შემიქმნიდა. ეს აღვიქვი ირიბ მუქარად,"- ნათქვამია 19 წლის გოგოს ჩვენებაში.