27 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
სააკაშვილის პოლიტიკური ფსონი - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უპირობო ლიდერია, პატარა პარტიები კი ბარიერსაც ვერ გადალახავენ

კლინიკა "ვივა მედიდან" პოლიტიკური ფსონი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" დაიდო - მიხეილ სააკაშვილმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სასამართლო პროცესი დღესაც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. 12 წლის წინ ოპოზიციაში გადასულ ექსპრეზიდენტს არ დავიწყებია ეთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უპირობო ლიდერია, პატარა პარტიები კი მის გარეშე საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

სააკაშვილს დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ის დისკრედიტებული, დაშლილი პარტიის ლიდერია და შესაძლოა, ბარიერის გადალახვის პრობლემა თავად "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰქონდეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს კარი თავად დაუკეტა, რაც გარანტირებული მარცხია ისედაც წაგებულ თამაშში.

ექსპრეზიდენტის არაჯანსაღ პოლიტიკურ ამბიციებზე საუბრობს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილს, კრიტიკის ადრესატები ურჩევენ, პატარა პარტიებზე იერიშის ნაცვლად, საკუთარი გუნდის პოლიტიკურ შანსებს გადახედოს.

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მარათონი სახელისუფლებო გუნდის დიდი უპირატესობით დასრულდება. მმართველი პარტია 2024 წელს დამაჯერებელი გამარჯვების და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება; ოპოზიციას კი ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში, პოლიტიკურ მარცხს უწინასწარმეტყველებს.

მიხეილ სააკაშვილმა მორიგი პოლიტიკური განცხადება დღეს, სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდნენ.

დღის ამბები