27 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხარო სტანდარტია - ნიკა ფარულავა

სტრასბურგის გადაწყვეტილება ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. "ქართული ოცნება" ნიკა გვარამიას საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ამ გადაწყვეტილებამ მმართველ გუნდს არგუმენტები გაუმყარა - როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ფაქტმა დაადასტურა, რომ გამოძიებას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია და საქმე დანაშაულს ეხებოდა. შეფასებებში მმართველ გუნდს არ ეთანხმება ოპოზიცია.

პოლიტიკური გაერთიანების "ახალი" წევრის, ნიკა ფარულავას განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხარო სტანდარტია.

"დასავლელი ყველა ლიდერი, მათ შორის, "ქართული ოცნების" ყოფილი პოლიტიკური ოჯახის ლიდერები, პირდაპირ და მოურიდებლად, ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია იყო პოლიტიკური პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო. მათ შორის, ყველა საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, რომელთა ავტორიტეტი ძალიან მაღალ დონეზეა, იგივე განაცხადეს. ევროპის არაერთმა პოლიტიკურმა ორგანომ მიიღო რეზოლუცია და ამით უკვე ყველაფერი ცხადია. სამწუხაროა ის სტანდარტი, რომელიც ამ შემთხვევაში დამკვიდრდა", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო.

"მე პოზიცია არ შემიცვლია, - ნიკა გვარამია იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული. მე დღესაც ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამია ივანიშვილმა დააკავა პოლიტიკური მოტივით, არსად არ მიმაქვს ჩემი სიტყვები", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები