27 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
"იძაბება, როდესაც ბევრ ხალხს ხედავს და, თავის აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება", - ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. მოსამართლემ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა თავად ბრალდებული.

გრიგორიადისი პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვდა, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა გამოცხადებას. როგორც ბრალდებულის დედამ, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილს სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, თუმცა დარბაზში ყოფნისას იბნევა.

"იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ხალხს და თავის აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება. ამიტომ გადაწყვიტა და, მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ. თუ იყო გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა თამარ კალანდაძემ.

ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, ლაზარეს სრული უფლება ჰქონდა სასამართლო სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, თუმცა მოსამართლემ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

"ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. ბრალდებულს უფლება აქვს, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია, დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არანაირი ჩანაწერი არ არსებობს კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა, ან რაიმე გარკვეული მიზეზი. სასამართლო თუ ამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს, დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდებულს არ ჰქონდა ჯანმრთელობის ან რაიმე სახის პრობლემა, რის გამოც ვერ შეძლებდა პროცესზე დასწრებას, ამიტომ რამდენიმე დღით გადადო სასამართლო სხდომა.

"მას უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც სხვა რაიმე გარემოება არ უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობაში და ეს, უბრალოდ, მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოკლე ვადით, ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით, გადაედო პროცესი. არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არის საკმარისი", - განაცხადა თამარ იაკობიძე.

დღის ამბები