30 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
აქცია რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დასრულდა - ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა

პროტესტის მეორე დღეს, პირველი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკართან პარტიის "ახალი" წევრები შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდნენ.

ამ პროცესებიდან მალევე, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები კი, პარლამენტის მიმდებარე ყველა ქუჩაზე იყვნენ.

ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებთან ერთად, ადგილზე ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისმოდა მოწოდებები.

მდგომარეობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვი საგანი ისროლეს.

აქციის მიმდინარეობისას იყო შეძახილები სამართალდამცველების მისამართით. დაშავდნენ აქციის მონაწილეებიც. მათ შორის - მედიის წარმომადგენლებიც.

იყო დაკავებებიც. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის მეორე დღეს, ადმინისტრაციული წესით, 11 პირია დაკავებული.

ადგილზე, გვიანობამდე, მობილიზებული იყვნენ საპოლიციო დანაყოფებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლებიც. მათ რუსთაველის გამზირი მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ.

დღის ამბები