28 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული გაიხსნება თუ არა საზოგადოებისთვის დენდროლოგიური პარკი - გიორგი უძილაური

ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ხეების გადატანის დროს ყველაფერი გაწერილია და შეფერხებები იშვიათად ხდება.

„რამდენჯერმე იყო რამდენიმე საათით შეფერხება... თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე შეფერხებები,“ - განაცხადა გიორგი უძილაურმა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - ხდება თუ არა მოსახლეობის გადაადგილების შეფერხება ან ხეების გაჩეხვა, გიორგი უძილაური პასუხობს, რომ შეფერხებები ძალიან მალე აღმოიფხვრება ხოლმე.

ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დენდროლოგიური პარკის მიერ „საზოგადოებრივი სიკეთის“ მოტანაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ბოტანიკური ბაღის მსგავს სიკეთეს მოუტანს საზოგადოებას.

„ჯერ პარკის მშენებლობა უნდა დასრულდეს და შემდეგ უნდა გაიხსნას საზოგადოებისთვის,“ - აცხადებს გიორგი უძილაური და განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული გაიხსნება თუ არა საზოგადოებისთვის დენდროლოგიური პარკი.

„ეს მის ნებაზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც სხვა ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთვის იყო გადაცემული. მას არანაირი ვალდებულება ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია,“ - აცხადებს გიორგი უძილაური. 

დღის ამბები